• მეტა


  • სტატიების გამოწერა

    თემატიკა:

    არქივი:

    ავტორები:


    Synergy Insight Synergy Startup

    სტარტაპების წარუმატებლობის ყველაზე გავრცელებული მიზეზები

    სტატიის ავტორია: პაპუნა ტოლიაშვილი
    15 მარტი, 2010 | წაკითხულია 1,358-ჯერ

    ცნობილია რომ ახლად შექმნილი ორგანიზაციების აბსოლუტური უმრავლესობა ერთ წელსაც ვერ ძლებს. ისინი უქმდებიან ისე, რომ ვერც ასწრებენ რაიმე ღირებულის და საინტერესოს შექმნას. დარჩენილი უმცირესობის დიდი ნაწილიც პირველი სამი წლის განმავლობაში ასრულებს მოღვაწეობას და სხვა უამრავი რეგისტრირებული, მაგრამ უმოქმედო იურიდიული პირის რიგებში დგება.

    თუ თქვენ ახალი საქმის წამოწყებას აპირებთ კარგი იქნება თუ წინასწარ გადაავლებთ თვალს იმ პრობლემების ყველაზე გავრცელებულ ნაწილს, რომელიც ასეთი ფატალური შედეგების მიზეზი ხდება. ეცდებით გაიაზროთ მათგან მომდინარე საფრთხეები და მიიღოთ ზომები მათი თავიდან ასაცილებლად.

    ყველაზე გავრცელებული მიზეზი მაინც არასწორი არჩევანია. საქართველოში, თუმცა შესაძლოა სხვაგანაც, ადამიანები ხშირად იწყებენ არა იმ საქმეს რომელიც ესმით არამედ იმას რომელზეც გაუგონიათ რომ დიდ მოგებას ტოვებს. ვიღაცა სადღაც რაღაც, ხშირ შემთხვევაში არასწორ, ინფორმაციას მოკრავს ყურს, და რატომღაც უჩნდება იგივე საქმის წამოწყების იდეა, მერე არწმუნებს რამოდენიმე მეგობარს ან უბრალოდ ფულიან ნაცნობს და დროში გაწელილი წამებაც იწყება.

    თუმცა ახალი საქმის დაწყებიდან ყველა მალევე ხვდება, რომ ამ საქმის კეთება არც ისე მომგებიანი ყოფილა როგორც ამაზე დასაწყისში იძლეოდნენ იმედებს, იმაზე მეტი კაპიტალი და ცოდნა ჭირდება ვიდრე ელოდნენ და იმაზე რთული ასაწყობია ვიდრე ეგონათ. იწყება იმედ გაცრუება, გულის აცრუება, დამფუძნებლების ენთუზიაზმის შემცირება, ინტერესის გაგრილება და შედეგად კომპანიების დიდი ნაწილი სწორედ ამ ეტაპზე ტოვებს ასპარეზსს.

    მაგრამ თუ მიანც გამოჩნდა ვიღაცა ვინც დეტალებში გაერკვევა, დამატებითი კაპიტალის შოვნაც მოხერხდება (ძირითადად შემთხვევითი არაყველასათვის მისაღები მოწილეების შემოყვანის გზით) და თავდაპირველ ინიციატორთა გუნდიც შეეგუება იმ აზრს, რომ მოკლე ხანში ამ საქმიდან ცხოვრების მოწყობა არ მოხერხდება მაშინ საქმეს აქვს შანს, რომ ცოტა ხანს კიდევ დარჩეს მზის გულზე და არსებობა განაგრძოს.

    თუმცა მალე ახალი პრობლემები იჩენს თავს, რომელიც, როგორც წესი, პირველ შემოსავლებს და მოწილეებს შორის მათ განაწილებას უკავშირდება (თუ რომელიმე მოწილე დიდ შეკვეთას შოულობს და ორგანიზაციაც სწორედ ამის გამო იქმნება, მაშინ შესაძლოა მან სირთულეების პირველი ეტაპი გამოტოვოს და პირდაპირ ამ პრობლემებში ამოყოს თავი).

    თითქმის არავინ, ახალი საქმის დამფუძნებელთაგან თითქმის არც ერთი ჯგუფი წინასწარ არ თანხმდება შემოსავლების განაწილების, ნაღდი ფულის გამოყენების, საქმის განვითარებაზე სახსრების მიმართვის მიდგომაზე და პრინციპებზე. ხშირად ეს უხერხულადაც კი ეჩვენებათ. ძნელია ისაუბრო და იმსჯელო რაღაცის განაწილებაზე მაშინ როცა გასანაწილებელი ჯერ არც არაფერია. არადა სწორედ დასაწყისში შეიძლება ყველაზე ცივი გონებით და ზედმეტი ემოციების გარეშე ამ მეტად პიკანტურ საკითხებზე შედარებით ადვილად შეთანხმება.

    და თუ დროულად ეს არ ხდება პირველივე მნიშვნელოვანი შემოსავლები მოწილეებს შორის სერიოზული უკმაყოფილების და მოგვიანებით კი უმეტეს შემთხვევებში განხეთქილების მიზეზი ხდება. ზოგი დაუკითხავად იღებს სალაროდან ფულს, ზოგი ამბობს და ისე მაგრამ იმაზე მეტს ვიდრე ეკუთვნის, ზოგი გრძელვადიან ინტერესებს არ ითვალისწინებს ისე ითხოვს თანხებს პირველივე შედეგებიდან. ვიღაცა ასაბუთებს რომ ახალი მანქანა ჭირდება, ვიღაცა ცდილობს არ ჩამორჩეს და ნაკლებად არ იხეიროს სახლის ყიდვაზე იწყებს ფიქრს და ლაპარაკს, დანარჩენებიც ფიქრობენ რომ მოასწრონ თორე შეიძლება მერე გვიანი ოყოს. ახლობლების სამსახურში მოწყობას ცდილობენ ან მეგობრებისთვის პროდუქციის ან მომსახურების უკეთესი პირობებით მიცემას. სამწუხაროდ ხშირად ჯიბრი და უკმაყოფილებები პირად ურთიერთობებზე ახდენს გავლენას, პიროვნულ დაპირისპირებაში გადადის და ახლად შექმნილი ორგანიზაციების მეორე დიდი ნაწილიც სწორედ ამ ეტაპზე ამთავრებს ცხოვრებას.

    თუმცა თუ დამფუძნებლებს შორის გამოჩნდა ვინმე, ვინც ყველაზე მავნებლების საქმიდან გაყვანას მოახერხებს, ხოლო დანარჩენების შედარებით დაშოშმინებას და მათ შორის თამაშის წესების შეთანხმებასაც შეძლებს განსაცდელში მყოფ ბიზნესსაც გადარჩენის შანსი ეძლევა.

    ვისაც გამოუცდია არასოდეს დაავიწყდება პირველი კლიენტით, პირველი შემოსავლით, პირველი წარმატებით გამოწვეული სიხარული. რამდენად მნიშვნელოვანია ყოველი შეკვეთა, რამდენად სასურველი და ძვირფასია ყოველი კლიენტი. ყველა თვალებში შესციცინებს მომსვლელს და ცდილობს მას განუმეორებელი კმაყოფილება აგრძნობინოს. თუმცა, სამწუხაროდ, ორგანიზაციების აბსოლუტური უმრავლესობის შემთხვევაში ასეთი განწყობა დიდხანს არ გრძელდება. და როგორც კი პირველი შემოსავლები, კლიენტების ნაკადი სტაბილურდება, როცა შემოსავლებში უფრო მნიშნელოვანი ხდება სტატისტიკა ვიდრე კლიენტის კმაყოფილება, როცა ჩნდება შეგრძნება რომ რომელიმე ერთი მომხმარებლის პრეტენზია ყურადსაღები არ არის იმიტომ რომ ათასი ჭკუის ადამიანი დადის და ერთის დაკარგვა ბიზნესს დიდ ვერაფერ ზიანს მოუტანს ახალი პრობლემებიც სწორედ მაშინ იწყება. ყველა ორგანიზაცია პირველი წარმატებიდან ძალიან მალე დგება ცდუნების წინაში შეამციროს ხარისხი და გაზარდოს მოკლე ვადაში მიღებული მოგება. სამწუხაროდ ახალი საქმის დამწყებთა უდიდესი ნაწილი ამ ცდუნებას ვერ უძლებს.

    არადა, ყველას განგვიცდია იმედგაცრუება როცა ახლად აღმოჩენილ დაწესებულებაში რაღაცა მოგეწონება, საუბრობ მასზე, რეკომანდაციასაც უწევ ახლობლებს თვითონაც ნახონ, იგრძნონ, გასინჯონ და ძალიან მალე აღმოაჩენ რომ ის აღარ არის რაც პირველ ჯერზე იყო, რო ხარისხი გაქრა, ზომა შემცირდა, ფასი გაიზარდა და ეს წამოწყებაც რიგითი ორგანიზაციების სიაში ჩაეწერა თავისი არაფრით გამორჩეული პროდუქტით თუ მომსახურებით. გული გვწყდება ხოლმე ამ დროს და ვამბობთ რომ ამათაც სტანდარტულად - ქართულად მოუვიდეთ, კარგად დაიწეს, მაგრამ ამათაც გააფუჭეს როგორც თითქმის ყველა ახლად დამწყების შემთხვევაში ხდება.

    შედეგად, ზრდის ტემპი კლებულობს, კლიენტების უკმაყოფილების შემთხვევები იზრდება. მომხმარებლის ნაკადი იკლებს, შესაბამისად გაყიდვებიც მცირდება და იმედგაცრუებული დამფუძნებლები, ბედზე გაბრაზებულები იმის გამო, რომ გაუგებარი მიზეზების გამო ამჯერადაც არ გაუმართლათ ბიზნესი დახურვის ან გასხვისების შესაძლებლობებზე იწყებენ ფიქრს. ბიზნესების ნაწილი სწორედ ამ დროს და ამ მიზეზით ამთავრებს არსებობას ან სახელს და მეპატრონეს იცვლის.

    თუმცა, თუ აღმოჩნდება ვიღაცა ვისაც ნებისყოფა და პრინციპულობა ეყოფა, იმისათვის რომ ამ ცდუნებას წინ აღუდგეს და დანარჩენი მოწილეები ხარისხის შენარჩუნებაში დაარწმუნოს ბიზნესი გადარჩება და განვითარებასაც განაგრძობს.

    მალე კი ახალი პრობლემები იწყება, რომლებიც თანამშრომლების უკმაყოფილებას უკავშირდება. საქმე იმაშია, რომ საქმის დამწყებთა უდიდესი ნაწილი შედეგებს იდეის სისწორეს და დამფუძნებელთა მოხერხებულობას უკავშირებს და ნაკლებად ფიქრობს რომ თანამშრომლები, რომლებიც პროდუქტს ან მომსახურებას ქმნიან რამე მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ორგანიზაციის წარმატებაში.

    თუ უნდა წავიდეს, ახალს მოვიყვანთ, უმუშევრებით არის ქვეყანა სავსე, ამ არგუმენტებით რეაგირებენ ბიზნესის მეპატრონეები თანამშრომლების მხრიდან ნებისმიერი უკმაყოფილების გამოვლინებაზე და ფიქრითაც კი არ ფიქრობენ იმაზე, რომ ეს თანამშრომლები ყოველ დღე მათთვის მნიშვნელოვან პროდუქტს ქმნიან, ან კლიენტებთან აქვთ შეხება რაც ამ უკანასკნელთ ორგანიზაციაზე წარმოდგენას უყალიბებს. დროთა განმავლობაში, როგორც წესი დამფუძნებლების როლი და მნიშვნელობა საბოლოო შედეგში მცირდება საშუალო რგოლის ხელმძღვანელების ან სულაც რიგითი თანამშრომლების მნიშვნელობის მატების ხარჯზე. ის ორგანიზაციები ვისაც ეს პროცესი მხედველობიდან გამორჩებათ მალევე დგებიან სირთულეების წინაშე ვინაიდან თანამშრომლებს შორის უკმაყოფილება მეტასტაზებივით სწრაფად ვრცელდება და ახლად შექმნილი ორგანიზაციის ლპობასაც მალევე იწყებს.

    თუ ოპერატიულ მართვაში ჩართულ ხელმძღვანელებს და მეპატრონეებს აღმოაჩნდებათ საკმარისი გამჭრიახობა თანამშრომლებს შორის მინიმუმ ყველაზე მნიშვნელოვნების შესამჩნევად, შესაფასებლად და დასაფასებლად, ორგანიზაცია განვითარებას განაგრძობს, თუ არა და ისიც მალევე ტოვებს ასპარეზსს, ვინაიდან ვერც ერთი ორგანიზაცია უკმაყოფილებო თანამშრომლებით კლიენტების კმაყოფილების მიღწევას ვერ შეძლებს, ხოლო ამ უკანასკნელის გარეშე, ყველასათვის ცხადია, ბიზნესის არათუ განვითარება გადარჩენაც კი შეუძლებელია.

    თუ ახლად შექმნილმა ორგანიზაციამ ამ ყველა ცდუნებას და სირთულეს გაუძლო დიდი ალბათობით კიდევ ერთი გავრცელებული საფრთხის წინაშე აღმოჩნდება. დამფუძნებლები დროზე ადრე აფასებენ წარმატებას როგორც მათი მრავალმხრივი ნიჭისა და მართვის ფენომენალური უნარების ნაყოფს და უჩნდებათ სურვილი რაც შეიძლება მეტ ახალ ბიზნესში მოსინჯონ ძალები და იქაც წარმოაჩინონ საკუთარი გამორჩეული შესაძლებლობები. თვლიან რომ არსებული ბიზნესიც საკმარისად მყარად დგას ფეხზე ახალი ექსპერიმენტებისა და წარუმატებელი მცდელობების კომპენსირებისა და დაფინანსებისათვის.

    და პრობლემების კიდევ ერთი დიდი ჭავლიც სწრედ მთავარი ბიზნესის მიმართ ასეთ არალოიალურ და ზერელე დამოკიდებულებას უკავშირდება. ახალი წარმატებების დევნასა და ძიებაში იმის მიმართ რაც ორგანიზაციას არჩენს დამოკიდებულება სულ უფრი ზედაპირული ხდება, რაც ძალიან მალე აისახება მთავარ პროდუქტზე და მომსახურებაზე, კლიენტების კმაყოფილებაზე ორგანიზაციის და მისი მოსამსახურეების მიმართ. უკმაყოფილება იზრდება, გაყიდვები კი პირიქით. მრავალი მიმართულებით გახსნილი ფრონტის გამო მესაკუთრეები და მმართველები ყველაზე მნიშვნელოვანზე კონცენტრირებას ვეღარ ახერხებენ და წარმატებული ბიზნეს წამოწყებაც ხელიდან ეცლებათ.

    ისინი ვისაც კეთილგონიერება ყოფნის და ამ საცდურსაც აღწევს თავს, მინიმუმ 2-3 წელი მთავარ საქმიანობაზე კონცენტრირებული რჩება და იქამდე სანამ ბიზნესი საკმარისად მყარად არ დადგება ფეხზე და თავისუფალი დრო და ფულიც არ გამოჩნდება ახალი მიმართულებების განსავითარებლად, ახერხებენ შეინარჩუნონ კომპანია და საქმიანობის ისეთ მაშტაბებზე გაიყვანონ რომელიც თვისობრივად ახალ, ზრდასთან დაკავშირებული პრობლემების წინაშე აყენებს ორგანიზაციას, თუმცა ეს სტარტაპებს აღარ უკავშირდება და შესაბამისად, სულ სხვა სტატიის თემაა.

    ასე რომ, თუ თქვენ ახალი ბიზნესის წამოწყება გადაწყვიტეთ, კარგი იქნება თუ ამ მოსალოდნელ პრობლემებს გაითვალისწინებთ და:

    ა) ბიზნეს იდეას თქვენთვის ნაცნობ თემას დაუკავშირებთ.

    ბ) ეცდებით თავიდანვე მაქსიმალურად ცხადად შეთანხმდეთ ყველა დამფუძნებელთან საერთო თამაშის წესებზე, შედეგების განწილების და ოპერატიულ მართვაში მონაწილეობის პრინციპებზე, მიდგომებზე, ფორმებზე, შინაარსზე და მასშტაბებზე.

    გ) არ დაივიწყებთ რომ კლიენტი არის ყველაზე მთავარი ვისთვისაც ორგანიზაციები არსებობენ და რომ მათი კმაყოფილება ერთ-ერთი საკითხი კი არ არის არამედ ყველაზე მნიშვნელოვანია ინდუსტრიების დიდი ნაწილის შემთხვევაში.

    გ) ეცდებით თანამშრომლები მოტივირებულნი იყოლიოთ და მაქსიმალურად სამართლიანად გაუნაწილოთ მათ საქმიანობის შედეგი და შესაძლოა პირიქით, რაც ეკუთვნით იმაზე მეტიც გადაუხადოთ წასვლაზე რომ ვერ იფიქრონ და კმაყოფილებაც რომ არ დაკარგონ.

    დ) მინიმუმ 2-3 წელი მაინც, და სანამ მყარად არ დადგება თქვენი ორგანიზაცია ფეხზე არ ეცდებით ახალი ბრძოლის ველების დაპყრობას. პირიქით შეეცდებით სულ უფრო უკეთესად და სრულყოფილად აკეთოთ ის რასაც აკეთებთ.

    ამ მარტივი წესებით შედარებით ადვილად გასტანთ პირველ სამ წელიწადს, ახლად შექმნილი ორგანიზაციისათვის კი არაფერი არ არის ისე მნიშნელოვანი როგორც კიდევ ერთი განვლილი წელი.






    გადაუგზავნეთ მეგობრებს მეილზე

    სტატიები მომზადებულია სინერჯი ჯგუფის წევრების მიერ;

    სტატიის რეიტინგი
    1 ვარსკვლავი2 ვარსკვლავი3 ვარსკვლავი4 ვარსკვლავი5 ვარსკვლავი — საშუალო 5.00 ქულა

    1 კომენტარი სტატიაზე “სტარტაპების წარუმატებლობის ყველაზე გავრცელებული მიზეზები”

    1. Shalva:

      24 მარტი, 2010 19:15

      ვფიქრობ კარგად არის დანახული არა მარტო დამწყები ბიზნეს ერთეულების პრობლემა, არამედ საერთოდ არსებული პრობლემა განვითარების ყველა ეტაპზე.
      ისევე როგორც თქვენთა, ვარ conference.ge-ს წევრიც და ხშირად ვაწყდები აღნიშნულ შეცდომების “კორიანტელს”.
      მე მინდა დავამატო, ასევე ის შეცდომა, რაც დაკავშირებულია ბაზრის უცოდინარობასთან.
      კერძოდ საუბარი მაქვს იმაზე, რომ შესაძლოა კარგი სპეციალისტი იყო შენი საქმის, მაგრამ არ იცოდე ბიზნესის საფუძვლები. ხსნის ფირმას და აწყდება უამრავ პრობლემას, რაც დაკავშირებულია კონკურენტებთან, სწორ პოზიციონირებასთან, მომხმარებლების მოთხოვნილებების უცოდინარობასთან და ა.შ. მოკლედ მარკეტინგთან.

    კომენტარის დამატება:

    :


    შეიყვანეთ კოდი   If you cannot see the CheckCode image,please refresh the page again!